2025-2028 წლებში გაზის სამხრეთ დერეფანში ტრანსპორტირებიდან სტაბილური შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, 1.5 მლრდ დოლარს იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო, Fitch Ratings პროგნოზირებს, რასაც Report ავრცელებს.
ამასთან, 2025-2028 წლებში დერეფნის კაპიტალური ხარჯი წელიწადში, საშუალოდ, დაახლოებით, 0.2 მლრდ დოლარს შეადგენს.
2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, გაზის სამხრეთ დერეფანი ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების სახით 2.3 მლრდ დოლარს, ხოლო დამატებით 1.5 მლრდ დოლარს SOCAR Capital-თან სახაზინო ხელშეკრულების ფარგლებში განკარგავდა.
2 მლრდ დოლარის ევროობლიგაციების დაფარვის ვადა 2026 წლის მარტში იწურება. Fitch ვარაუდობს, რომ კომპანია თავის ვალდებულებებს არსებული სახსრებიდან შეასრულებს. 2025-2028 წლებში ვალის დაფარვა მხოლოდ საბანკო სესხებზე ზომიერ ამორტიზაციულ გადახდებს მოიცავს, რაც წელიწადში, დაახლოებით, 0.12 მლრდ დოლარია. სააგენტო პროგნოზირებს, რომ გაზის სამხრეთ დერეფანი მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დივიდენდების გადახდამდე დადებით თავისუფალ ფულად ნაკადს გამოიმუშავებს.
სამხრეთ დერეფნის ვალი ევროობლიგაციების სახით 2 მლრდ დოლარს, ხოლო საერთაშორისო განვითარების ბანკების სესხების სახით 1.5 მლრდ დოლარს მოიცავს, რომელთა დაფარვის ვადა 2032–2046 წლებშია. კრედიტორებს შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.
Fitch-ის შეფასებით, გაზის ტრანსპორტირების საქმიანობიდან კომპანიის EBITDA აბსოლუტური თვალსაზრისით სტაბილური დარჩება, თუმცა 2027 წლისთვის მთლიან EBITDA-ში ტრანსპორტირების წილი, დაახლოებით, 80%-მდე გაიზრდება, მაშინ, როცა 2024 წელს ზრდა, დაახლოებით, 60%-ს შეადგენდა. ამასთან, Fitch მოპოვების სეგმენტში, 2024 წლის 40%-თან შედარებით, 2025–2028 წლებში EBITDA-ს შემცირებას პროგნოზირებს. ეს განპირობებულია როგორც მოცულობების, ასევე, ნედლეულზე ფასების მოსალოდნელი შემცირებით.
Fitch-ი წელს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს ბარელზე 70 დოლარად, 2026 წელს 65 დოლარად, ხოლო 2027–2028 წლებში 60 დოლარად პროგნოზირებს. წელს TTF-ზე გაზის ფასი, სავარაუდოდ, 1000 კუბურ ფუტზე 12 დოლარს მიაღწევს, 2026 წელს 8 დოლარი, ხოლო 2027–2028 წლებში 7 დოლარი იქნება.
ცნობისთვის: გაზის სამხრეთ დერეფნის 49% სახელმწიფოს, ხოლო 51% აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკუთვნის. ის კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის ექსპორტისთვის აშენდა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. სამხრეთ დერეფნის ძირითადი კომპონენტებია: შაჰ-დენიზის პროექტის მე-2 ფაზა, ასევე, ბაქო-საქართველო-თურქეთის საზღვრამდე სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება; თურქეთის აღმოსავლეთიდან დასავლეთ საზღვრამდე ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობა და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP), რომელიც საბერძნეთს, ალბანეთსა და სამხრეთ იტალიას აკავშირებს.
აზერბაიჯანულ გაზზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ევროპაში მისაწოდებლად გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოება TANAP-ისა და TAP-ის მილსადენების გამტარუნარიანობის გაზრდის ხარჯზე იგეგმება.
www.bpn.ge




