საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, შემოსავალი $103 მილიონია

2023 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში 103 მილიონი დოლარის ღირებულების 1.47 მილიარდი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. ეს 2010 წლის შემდეგ რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტია, შემოსავლის მხრივ კი ყველა წლის რეკორდს წარმოადგენს.
ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა ქვეყანას ადგილობრივი მოხმარების შემცირებამ მისცა. 2023 წლის 11 თვეში საქართველომ ჯამურად 13.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 560 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია. ეს კლება ძირითადად მეტალურგიული ინდუსტრიის (ფეროშენადნობების წარმოების) კლებას უკავშირდებოდა.
2022 წელთან შედარებით ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა 51%-ით, მიღებული შემოსავალი კი 23%-ით არის გაზრდილი. ამის მიზეზია ის, რომ გასულ წელს ექსპორტირებული 971 მილიონი კილოვატის საშუალო ტარიფი 8.7 ცენტი იყო, ხოლო წელს ექსპორტირებული 1.47 მილიარდი კილოვატ საათის საშუალო ტარიფი 7 ცენტს შეადგეენდა. წინა წლების მსგავსად საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, სადაც 1.3 მილიარდი კილოვატ საათი გავიდა. 86 მილიონი კილოვატ საათი იყო ექსპორტი აზერბაიჯანში, 78 მილიონი კილოვატ საათი კი სომხეთში.