„საქართველოდან ევროპაში და პირიქით, სტუდენტების მობილობა გაიზრდება და მოხდება ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა“ – თამარ მოსიაშვილი

„საქართველოდან ევროპაში და პირიქით, სტუდენტების მობილობა გაიზრდება და მოხდება ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა“ – თამარ მოსიაშვილი
საქართველოდან ევროპაში და პირიქით სტუდენტების მობილობა გაიზრდება და მოხდება ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა, – ამის შესახებ ექსპერტმა განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ეს პოლიტიკური კავშირი ჩვენი უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, საქართველო იმსახურებს იყოს უფრო მეტად უსაფრთხოდ და შესაბამისად მიეცეს უფრო მეტად განვითარების შანსი.
ევროპაში ისეთი საკითხები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები, ისეა მოწყობილი რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ის გზა რომელიც ევროპამ გაიარა, გააზრებისთვის ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. კანდიდატის სტატუსი კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ამ სივრცეს, უფრო მეტი ქართველი წავა ევროპაში და უფრო მეტი ევროპელი ჩამოვა ჩვენთან, მოხდება გამოცდილებების გაზიარება.
მაგალითად, ERASMUS-ის მხოლოდ ზოგიერთ პროგრამაში იყო საქართველოს მონაწილეობა შესაძლებელი, ზოგიერთში არა, ახლა ეს შესაძლებლობები გაფართოვდება. ქართველი ახალგაზრდებისთვის ბევრი ახალი ფანჯარა გაიხსნება, ისევე როგორც ევროპელი სტუდენტებისთვის გაიზრდება შესაძლებლობა აქ ისწავლონ.
ეს ყველაფერი შეიძლება ორი მიმართულებით შევაფასოთ, საქართველოდან ევროკავშირში და პირიქით სტუდენტების მობილობა გაიზრდება და მეორე, მოხდება ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა“, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.
თამარ მოსიაშვილმა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუაზრებელ პროგრამებზე დიდი რაოდენობის ფული და დრო იხარჯება, ასევე პოლიტიკური პარტიების გავლენა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებზე ძალიან მაღალია.
„საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ეს პრობლემები თვალსაჩინო ხდება როდესაც ჩვენ ვეცნობით საერთაშორისო შეფასებებს. თუ ჩვენ გვინდა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა განვითარდეს, გარკვეულ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური პარტიების გავლენა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებზე ნაკლები იყოს, ასევე ახალი პროგრამების დაწყების მიზეზები ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს, გააზრებით განხორციელდეს ინვესტიცია და ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენთან არის პრობლემები, ჩვენ ვფლანგავთ დროს და ვფლანგავთ ფულს. უფრო მეტიც, ასეთ გაუაზრებელ პროგრამებზე დახარჯული ფული არის ჩვენი გადასახადებიდან მოკრებილი თანხაა. საქართველოში განათლების სისტემა უნდა გახდეს ზეპარტიული მოცემულობა და პარტიები ძირითად პრინციპებზე უნდა შეთანხმდეს“, – ამბობს განათლების ექსპერტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა