საქართველოდან გაძევებული აშშ-ის მოქალაქე ნიკ ლოლაძე ფორმულასთან თავის ისტორიას ჰყვება და აღნიშნავს, რომ აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს, სცემეს და 1000 დოლარით დააჯარიმეს.
ლოლაძის თქმით, მას დაკავების შემდეგ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოსთხოვეს, რომ ქვეყანა 5 დღეში დაეტოვებინა.
ამასთან, ის საუბრობს მუქარის შემცველ ზარებსა და შეტყობინებებზე.
“1-ელ დეკემბერს დამაკავეს პროტესტის მონაწილე კიდევ 107 სხვა მონაწილესთან ერთად, იმ მოტივით, რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას ვიმყოფებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი ამერიკის მოქალაქე ვიყავი, მცემეს და მოსამართლემ დამაკისრა 1000 დოლარის ოდენობის ჯარიმა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმოვჩნდით მტრულ გარემოში, სპეცრაზმელები აბუჩად მიგდებდნენ და ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის გარეშე, მიბრძანეს დამეტოვებინა ქვეყანა 5 დღის განმავლობაში, ეს მოთხოვნა გავასაჩივრე პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად და დაახლოებით 5 000 დოლარი დავხარჯე იურიდიული მომსახურებისთვის, თუმცა ნათელი იყო, რომ ჩემი აპელაცია არ დაკმაყოფილდებოდა, ამის მიზეზი ძალოვანი სამსახურების მიერ მოკერებული იარლიყია, თითქოს რაიმე პრობლემას ვუქმნიდი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.
ამის გარდა, მუდმივად ვიღებდი სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ ქვეყანა დამეტოვებინა, ვიცოდი, თუკი საქართველოში ყოფნის პერიოდში ამაზე მედიასთან ვისაუბრებდი აუცილებლად დამიჭერდნენ და კვლავ ციხეში აღმოვჩნდებოდი. 28 დეკემბერს, როცა ამერიკაში გამგზავრება გადავწყვიტე, დამაკავეს საპასპორტო კონტროლის დროს, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად შემშინებოდა და დაბრუნებაზე არასდროს მეფიქრა. მესმის და ვიცი, რატომ მოქმედებს მთავრობა ასე – მათ ეშინიათ ყველასი, ვინც პროტესტს უერთდება და ქვეყნის დასავლურ კურსს უჭერს მხარს”- აცხადებს ლოლაძე.