საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამ წუთებში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ანატოლი გიგაური, როცა მან პოლიციელს ხელი მოუქნია, თვითდაცვის მოქმედებას ახორციელებდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახის არეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია