საქალაქო სასამართლომ წიქარიშვილის იუსტიციის საბჭოში დანიშვნა შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება კახა წიქარიშვილის იუსტიციის საბჭოში დანიშვნის შესახებ შეაჩერა.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს სასამართლოში კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა უჩივლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.
„ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა),“ — აცხადებენ სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება:
„ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა,“ — აცხადებენ სასამართლოში.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 9 მოსამართლე, 6 კი არამოსამართლე წევრია. 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი — პრეზიდენტი. რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, მათ მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 5 განაცხადი შევიდა, რომლებთანაც გასაუბრება სპეციალურად შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ ჩაატარა.
კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაცია ორ კანდიდატზე, გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილზე გაუწია, რომელთა შორის სალომე ზურაბიშვილმა საბჭოში დასანიშნად კახა წიქარიშვილი შეარჩია.
კონკურსში მონაწილეობას ასევე იღებდნენ მანუჩარ კაკოჩაშვილი, თამარ ალფაიძე და დიმიტრი გაბუნია.

ასევე დაგაინტერესებთ