ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის ინფორმაციით, მძღოლებს სულ მალე გაუჩნდებათ ვალდებულება, საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს.
როგორც ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში განმარტა, ახალი ცვლილებებით, მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ როგორც ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი, ასევე ჯანმრთელობის ცნობა.
მისი მტკიცებით, ხშირად მძღოლები სიჩქარეს აჭარბებენ, რის გამოც აუცილებელია ასეთი მოწყობილობის დაყენება, რაც რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. ამასთან, როგორც ირაკლი იზორიამ განმარტა, ევროკავშირის დირექტივებით, დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, აუცილებლად უნდა გააჩეროს მძღოლმა ავტომობილი და შეისვენოს, რომ მან სრულფასოვნად შეძლოს ავტომობილის მართვა.
“ალბათ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რაც ბევრ ევროპულ ქალაქში არის, ეს არის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე. გარკვეული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება ბაქნები, სამედიცინო ოთახი, ბავშვთა და დედათა ოთახი. ასევე, მძღოლთა მოსასვენებელი ოთახი. ასევე, უნდა მოხდეს ტექნიკური შემოწმება ყოველი რეისის გასვლის წინ. მნიშვნელოვანია ასევე, მძღოლთა გადამზადების თემა. აუცილებელი იქნება მძღოლებისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟის, ტრენინგების ჩატარება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, რაც რეალურად, საქართველოში გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ და დასძინა, რომ 1-ელი მარტიდან უკვე მოთხოვნაში არის სამედიცინო შემოწმების მიმართულებაც.
“მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების და ჯანმრთელობის ცნობა. მნიშვნელოვანია, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოხდეს ამ რეგულირების და აღმოჩენის ხარვეზის მონიტორინგი. წინა კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობას საქართველოს კანონი არ იძლეოდა, მოსამართლის ბრძანებულება იყო საჭირო, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელს შეემოწმებინა ადგილზე ავტოსადგური. თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობით, ეს სავალდებულო აღარ არის“,- განმარტა ირაკლი იზორიამ და დაამატა, რომ ახალი კანონი ასევე, ითვალისწინებს გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი ვეღარ განახორციელებს 150 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე გადაყვანას. მხოლოდ და მხოლოდ იქნება მაღალგაბარიტიანი, ევრო 4-ის სტანდარტის ავტობუსები, რომელთა ასაკობრივი კატეგორია არ აღებატება 20 წელს და ტექნიკურად იქნება სრულიად გამართული.
