კომპანია “კომპოტის” თანადამფუძნებლის, ნუცა მშვენიერაძის ინფორმაციით, საქართველოში საფურშეტო მომსახურების მიმართულებით დიდი კონკურენციაა. როგორც ნუცა მშვენიერაძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, სადღესასწაულო მომსახურების სექტორში ბევრმა სარესტორნო ქსელმა ოპერირება დაიწყო, რის შედეგადაც კომპანიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
“კომპოტის” თანადამფუძნებლის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მაღალი კონკურენციის მიუხედავად, კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
“ჩვენ როდესაც ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ, დიდი კონკურენცია არ იყო, ახლა რადიკალურად სხვა მდგომარეობაა… თუმცა ჩვენი ნიშა გვაქვს, საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ვართ, შესაბამისად, ვფიქრობ, ჯანსაღი კონკურენციის წინაშე ვდგავართ. ზოგად ჭრილში, საფურშეტო მიმართულება ამჟამად, ძალიან მოთხოვნადია, რაც გაზრდილ მომხმარებელს უკავშირდება. ქვეყანაში ოპერირება ჩვენი მიმართულებით ძალიან ბევრმა კომპანიამ დაიწყო, აღნიშნულის მიზეზი მრავალპროფილურია, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სარესტორნო ქსელია”, – აღნიშნავს ნუცა მშვენიერაძე.
კომპანიის დამფუძნებელი უშუალოდ სადღესასწაულო ღონისძიებების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ თვეში, დაახლოებით 100-ზე მეტი კორპორაციული შეკვეთა აქვთ.
“ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას უზრუნველვყოფთ – დაბადების დღეს, კორპორაციულ და ქორწინების ღონისძიებას. თვეში დაახლოებით, 100-ზე მეტ კორპორაციულ ღონისძიებას ვაწარმოებთ, დანარჩენი პატარა წვეულებებია, ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველ თვეში, სხვადასხვა, პროცენტია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია გაზრდილია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანია “კომპოტის” მომხმარებლები გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას კმაყოფილ მომხმარებლებს და აქტიურ მარკეტინგულ სვლებს ვუკავშირებ. ფასებს, რაც შეეხება ნებისმიერი ღონისძიება, სხვადასხვა, საფასო დიაპაზონში მერყეობს, მომხმარებლების უმრავლესობა კი, ადგილობრივი მოსახლეობაა… ჩემი აზრით, მომხმარებლები საფურშეტო მომსახურებას, სხვადასხვა, პროცედურის გამარტივების გამო ირჩევენ. მოგეხსენებათ, ღონისძიების დაგეგმვა რთული პროცესია, ბევრ ნიუანსს უკავშირდება ყველაფერი ერთ სივრცეში, რომ კეთდება ძალიან კომფორტულია”, – აღნიშნავს ნუცა მშვენიერაძე.
ცნობისთვის, საფურშეტო კომპანია “კომპოტი” ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანია ოფისი თბილისში მდებარეობს და 10-მდე თანამშრომელი ჰყავს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
