„საფრთხეა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლებისთვის“ — მედიაკოალიცია პაპუაშვილის განცხადებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და „მთის ამბების“ რედაქტორ გელა მთივლიშვილზე ს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება არის საფრთხე დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.
კოალიციაში აცხადებენ, რომ გელა მთივლიშვილი და მისი გუნდი ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტური გამოძიებისა და მამხილებელი სტატიისა და საგანგაშოა, რომ მისი დისკრედიტაცია უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს:
„შესაბამისად, არჩეული თანამდებობის პირების, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გელა მთივლიშვილზე თავდასხმა, რომელიც, მრავალი სირთულის მიუხედავად, თანმიმდევრულად და გაბედულად აშუქებს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის საკითხებს, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური გამოწვევებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა და მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის შერყევას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ.
საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ჟურნალისტიკის როლი ხელისუფლების ქმედებების კონტროლია, რაც ამ პროფესიას დემოკრატიის შემანარჩუნებელი ინსტიტუტის ფუნქციას აკისრებს. მედიაზე მიზანმიმართული და გამუდმებული თავდასხმები და ნდობის შერყევის მცდელობა კი დემოკრატიის დასუსტების მცდელობაა“ – აცხადებენ კოალიციაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ პარტიას, შეწყვიტონ თავდასხმები ჟურნალისტებზე და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ მოხვდა „მთის ამბების“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში.—
საუბარია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაზე.
პაპუაშვილის მოსაზრებით, მთივლიშვილის სტატია „ტყუილებით სავსე“ იყო და როცა ასეთი მასალა ევროკავშირის კონკურსის ფინალში ხვდება, მნიშვნელოვანია, რამდენად აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირი.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რასაც 33 ადამიანი ემსხვერპლა, „დეზინფორმციული კამპანია“ იყო აგორებული.
ვრცლად წაიკითხეთ: პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხვდა მთივლიშვილის სტატია კონკურსის ფინალში

ასევე დაგაინტერესებთ