საფრანგეთში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყურძნის ყველაზე მცირე მოსავალს პროგნოზირებენ

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალი ბოლო ასწლეულში ყველაზე მცირე იქნება. ინფორმაციას ღვინის კრიტიკოსის, ჯენსის რობინსონის ვებგვერდზე ვრცელდება.
მიზეზად ანომალიური ამინდი სახელდება.
მანამდე რეკორდულად დაბალი მოსავალი 2021 და 1957 წლებში დაფიქსირდა, თუმცა წლევანდელმა სეზონმა შესაძლოა, წინა მინიმალური რეკორდები მოხსნას. წელს ყურძენი სეტყვის, ობისა და ძლიერი წვიმის გამო დაზარალდა.მთლიანობაში, წლევანდელ მოსავალს, შარშანდელთან შედარებით, 18%-ით, ხოლო ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე 11%-ით ნაკლებს პროგნოზირებენ.
შამპანი და კორსიკა ერთადერთი რეგიონებია, სადაც საშუალოზე მაღალი, კერძოდ, პირველში 9%-ით, ხოლო მეორეში 8%-ით მეტი მოსავალი არის მოსალოდნელი.
დანარჩენ რეგიონებში, პროგნოზის მიხედვით, მოსავალი ასე შემცირდება:
ჟიურა – 56%-ით
შარანტა (ლუარის ხეობასა და ბორდოს შორის ტერიტორია) – 17%-ით
ბორდო – 16%-ით
ლუარის ხეობა – 15%-ით
პროვანსი – 14%-ით
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი და ლანგედოკ-რუსილიონი – 9%-ით
ელზასი 6%-ით
ბურგუნდია, ბოჟოლე და რონის ხეობა – 5%-ით
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო პროგნოზით, ქვეყანაში წლევანდელი წარმოება 39.3 მლნ ჰექტოლიტრს შეადგენს, მაშინ, როცა გასულ თვეში უწყება 40-43 მლნ ჰექტოლიტრ მოსავალს პროგნოზირებდა. ძლიერმა წვიმებმა საფრანგეთში დაავადებების გავრცელება გამოიწვია. ბევრ მევენახეობაში მაღალი ტენიანობის გამო ყვავილები და ახალგაზრდა მტევნები ცვიოდა.
ღვინის წარმოება, უამინდობის გარდა, დაბალი მოხმარების გამოც იკლებს. კერძოდ, სუპერმარკეტების გაყიდვები 1-ლი იანვრიდან 11 აგვისტომდე 5%-ზე მეტად დაეცა. წითელი ღვინის გაყიდვები, 8,5%-ით, ხოლო ვარდისფერის, თითქმის, 6%-ით შემცირდა, მაშინ, როცა თეთრი ღვინის გაყიდვები პრაქტიკულად იმავე დონეზე დარჩა.
ცნობისთვის: ღვინო, ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, საფრანგეთის საექსპორტო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სექტორი შიდა მოხმარების შემცირებას განიცდის, რამაც გავლენა მოახდინა ზოგიერთ მწარმოებელ რაიონზე, როგორიც, მაგალითად, ბორდოა. ამან ახლახან მევენახეების პროტესტი გამოიწვია.
ბიზნესპრესნიუსი