საფრანგეთმა სირიის მმართველი ბაშარ ალ-ასადის, მისი ძმა მაჰელ ალ-ასადის და სირიის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. მათი დაკავების ორდერი 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გაიცა.
საფრანგეთის გადაწყვეტილება ბაშარ ალ-ასადის შესახებ მსოფლიოში პირველი დაკავების ორდერია. ორდერების გაცემის სამართლებრივი საფუძველი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ომის დანაშაულებია.
საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყვა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიული ცენტრის, ღია საზოგადოების სამართლიანობის ცენტრის და სირიის არქივის ერთობლივ საჩივარს. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა საფრანგეთს ომის პერიოდში მოპოვებული მასალები მიაწოდეს, სადაც ბაშარ ალ-ასადის და სხვა პირების ჩართულობა ჩანს 2013 წელს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეში.
2013 წლის აგვისტოში სირიის ოპოზიციურმა ჯგუფებმა Youtube-ზე განათავსეს ვიდეო, სადაც სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგები ჩანს, მათ შორის ქუჩაში დაყრილი ათობით გარდაცვლილი ბავშვის სხეულები.