საფრანგეთმა უკრაინას „მირაჟ 2000“-ის ტიპის პირველი ავიაგამანადგურებელი გადასცა
კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვა ემანუელ მაკრონმა 2024 წლის ივნისში დააანონსა.
ხუთშაბათს, 6 თებერვალს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელ „იქსზე“(„X“) დაწერა, რომ საფრანგეთმა უკრაინას „მირაჟ 2000“-ის ტიპის პირველი საბრძოლო თვითმფრინავი მიაწოდა. „პირველი ავიაგამანადგურებელი უკრაინაში დღეს ჩავიდა“, – დაწერა სებასტიან ლეკორნუმ „იქს“ პლატფორმაზე. უკრაინელი მფრინავები, რომლებმაც საფრანგეთში მრავალთვიანი ვარჯიში გაიარეს, მალე უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაში ჩაერთვებიან.
2024 წლის ივნისში, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ კიევს ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს, რათა „უკრაინას თავისი მიწისა და საჰაერო სივრცის დაცვის საშუალება მისცეს“. მან ასევე აღნიშნა, ამის გაკეთებას „წლის ბოლომდე“ აპირებს, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტს ავიაგამანადგურებლების რაოდენობა არ დაუსახელებია. მაკრონმა დასძინა, რომ თვითმფრინავების გადაცემასთან ერთად, უკრაინულ მებრძოლებს „ტრენინგის სესიები“ ჩაუტარდებათ.
საფრანგეთის პარლამენტის მიერ შემოდგომაზე გამოქვეყნებული ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთის საჰაერო ძალების კუთვნილი „მირაჟ 2000-5“ ტიპის 26 თვითმფრინავიდან ექვსს უკრაინას მიჰყიდიან. ეს ციფრები თავდაცვის სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა და განაცხადა, რომ საკითხს, უსაფრთხოების მიზნით, საიდუმლოდ ინახავს.
წყარო: 1 არხი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tsdd_w_h-xWwrke-300x169.jpeg)