საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდა Mirage 2000 ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ.
მისი თქმით, პირველი თვითმფრინავი უკვე ჩავიდა უკრაინაში. „ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“, – თქვა მინისტრმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რამდენი თვითმფრინავი მისცა პარიზმა კიევს.
გამოცემა Avions Legendaires-ი ადრე წერდა, რომ უკრაინა საფრანგეთიდან 20 თვითმფრინავს მიიღებდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2024 წლის ივნისში განაცხადა, რომ პარიზი კიევს წლის ბოლომდე გადასცემდა Mirage-ებს და უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც იკისრებდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ შარშან ოქტომბერში დადო პირობა, რომ უკრაინა ავიაგამანადგურებლებს უკვე 2025 წლის დასაწყისში მიიღებდა.
ლეკორნიუმ დააზუსტა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Mirage-ები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით – „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებითა და რადიოელექტრონული დაცვის სისტემით.
Mirage 2000 ფრანგული ერთძრავიანი რეაქტიული, მრავალმხრივი გამოყენების მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dassault-ი.
განახლებულ ვერსიას, Mirage 2000 – 5F-ს, რომელსაც უკრაინა მიიღებს, შეუძლია ატაროს და გატყორცნოს ფრთოსანი რაკეტები – SCALP-EიG და Storm Shadow.