საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა კრებამ 26 იანვარს ღამით ხმათა უმრავლესობით მიიღო პრეზიდენტ მაკრონის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას.
საფრანგეთის მთავრობის ინიციატივით, კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მხოლოდ ერთი მოსმენით განიხილეს და მიიღეს. კანონპროექტი განსახილველად გადაეცა ზედა პალატას, სენატს.
კანონპროექტს საფუძვლად დაედო ბავშვებზე TikTok-ისა და სხვა სოციალური ქსელების ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ანგარიში.
საფრანგეთის ეროვნული კრების მიერ კანონპროექტის მიღებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მან ხაზი გაუსვა შემდგომი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების აუცილებლობას, რათა აკრძალვა ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სექტემბრისთვის ამოქმედდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარს უჭერენ მეცნიერები და ამას მოითხოვს უამრავი ფრანგიც. „ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება. არც ამერიკულ პლატფორმებზე, არც ჩინურ ქსელებში“, – დაწერა 27 იანვარს მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში.
რამდენიმე კვირით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვების ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას ხელში ვერ ჩაუგდებენ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი მიზანი ფულის შოვნაა.
ეროვნული კრების მიერ მიღებული კანონპროექტით, რომელსაც სენატის მხარდაჭერაც სჭირდება, სახელმწიფო რეგულატორი განსაზღვრავს ბავშვებისთვის საზიანოდ მიჩნეული და მათთვის ასაკრძალი სოციალური ქსელების სიას. ნაკლებად სახიფათოდ მიჩნეულ საიტებზე წვდომა ნებადართული იქნება მხოლოდ მშობლების თანხმობით. კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში საფრანგეთი შეიმუშავებს ასაკის შემოწმების მექანიზმს.
კანონპროექტი ითვალისწინებს მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვასაც მაღალი საფეხურის სკოლებში. ამჟამად მსგავსი აკრძალვა მოქმედებს დაბალი და საშუალო საფეხურის სკოლებში.
2025 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალეს.
ევროპაში ანალოგიურ შესაძლებლობას განიხილავენ დანია, საბერძნეთი, ესპანეთი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი.




