საფრანგეთის სასამართლომ 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა Irina Maria კონფისკაცია მოახდინა, რომელიც კურორტ კოტ დ’აზურზე მდებარეობს. ოფიციალურად ის რუს-სომეხ ბიზნესმენს სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, მაგრამ პარიზის პროკურორები მიიჩნევენ, რომ მისი რეალური ბენეფიციარი რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანიაა. ამის შესახებ გაზეთი Le Monde წერს.
„საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი ჯეკპოტი მოხსნა“, – წერს გამოცემა. Le Monde-ს ცნობით, ვილა, რომელსაც ადგილობრივები Villa del Mare-ს სახელით იცნობენ, 3 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს. ობიექტი, გარდა იმისა, რომ აქვს მთავარი შენობის რამდენიმე სართული, ასევე მოიცავს 3 საცურაო აუზს, ჩოგბურთის კორტს და ვერტმფრენის მოედანს. ამ ქონების ჯამური ღირებულება 120 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ვილაზე საკუთრების და მისი მფლობელი კომპანიის, Maritime Villa Holding-ის წილების გაყინვის ბრძანება, დათარიღებულია 2024 წლის 12 თებერვლით. ვილასთან დაკავშირებით, პარიზის პროკურატურა იძიებდა ფულის გათეთრების დამამძიმებელ ფაქტს, რომელიც ჩადენილია 2009 წლის 11 დეკემბრიდან პარიზში, კვიპროსში, რუსეთში და როკბრუნ-კაპ-მარტინში.
Le Monde წერს, რომ 2016 წელს Газпром нефть-მა, გაზპრომის შვილობილმა კომპანიამ, ვილა მიჰყიდა სამველ კარაპეტიანს. თუმცა, წინასწარი გამოძიების დროს აღმოაჩინეს მრავალი ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვილას არასოდეს დაუტოვებია Газпром нефти-ის კონტროლს.
ჟურნალისტების მიერ გაანალიზებული დოკუმენტების მიხედვით, სამველ კარაპეტიანმა Газпром нефти-სგან უძრავი ქონების კომპანია Maritime Villa Holding-ის აქციები „გაზპრომბანკის“ მიერ გაცემული 115 მილიონი ევროს ოდენობის სესხით იყიდა.