საფრანგეთი 35 რუსულ ვებგვერდსა და არხზე წვდომას დაბლოკავს | ინფორმაციას ფრანგული მედია Le Figaro ავრცელებს და წერს, რომ საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ (ARCOM) მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, 35 რუსულ მედია ვებგვერდზე, ტელევიზიასა და რადიოსადგურზე წვდომის დაბლოკვის შესახებ სტრიმინგ პლატფორმების მეშვეობით. ფრანგული მედიის ცნობით, სანქცირებულ ვებგვერდებს შორისაა „სპუტნიკ ნიუსი“ და „ნიუს-ფრონტი“. ARCOM-მა ასევე სთხოვა საძიებო სისტემებს, დაბლოკონ ოთხი სტრიმინგ პლატფორმის გვერდები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას სანქცირებული რუსული ტელევიზიისა და რადიოს სერვისებზე. მანამდე, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფრანგულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა Eutelsat-მა შეწყვიტა რუსული არხების NTV-Mir-ის, Rossiya 1-ისა და Channel One-ის ტრანსლირება. 2022 წლის მარტში ARCOM-მა ასევე შეწყვიტა რუსული მედიასაშუალების RT-ის ფრანგულენოვანი ვერსიის, RT France-ის ტრანსლირება.




