ყველა მძევლის გათავისუფლება საფრანგეთისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„მე გადავწყვიტე, დავიქირავო საჰაერო ძალების ახალი თვითმფრინავი, რომელიც კვირის დასაწყისში ათ ტონაზე მეტ სამედიცინო ტვირთს გადაიტანს. კერძოდ, მას ექნება ორი მობილური სამედიცინო სადგური, სადაც 500-მდე მძიმედ დაშავებულის მკურნალობა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დაშავებულ ან ავადმყოფ ბავშვებს ღაზიდან, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარება, საფრანგეთი ახორციელებს მის ხელთ არსებული ყველა საშუალების მობილიზებას, განსაკუთრებით საჰაეროს, რათა მათი მკურნალობა საფრანგეთში იყოს შესაძლებელი, თუ ეს საჭირო იქნება. გათვალისწინებულია 50-მდე პაციენტის განთავსება ჩვენს საავადმყოფოებში“, – წერს მაკრონი.
მაკრონის თქმით, ოქტომბრის ბოლოს რეგიონში ვიზიტისას გააჟღერა ინიციატივა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რომელიც დაფუძნებულია სამ განუყოფელ საყრდენზე: 1. საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად; 2. მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად; 3. ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის განხორციელების პოლიტიკური პროცესის განახლება, ერთმანეთის გვერდით მშვიდობითა და უსაფრთხოდ ცხოვრება.