უკრაინის დახმარებისა და რეკონსტრუქციის საკითხებში საფრანგეთის სპეციალური წარმომადგენლის, პიერ ჰეილბრონის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად, წლის ბოლომდე, 60 მილიონ ევროს გამოყოფენ.
„ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია კრიტიკულია – ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა სწრაფად ვიპოვოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. საფრანგეთი წლის ბოლომდე, მინიმუმ, 60 მილიონ ევროს გამოყოფს“, – წერს პიერ ჰეილბრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მანამდე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი ზამთრის წინ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოშლას და ქვეყნის სიცივესა და სიბნელეში დატოვებას ცდილობს, ამიტომ, მისი თქმით, კიევის დასავლელი მოკავშირეები უკრაინას როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში უნდა დაეხმარონ.