საფრანგეთი რუსეთის მარცხის აუცილებლობას იმაზე სერიოზულად ეკიდება, ვიდრე კრემლს ეგონა – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
საფრანგეთის პრეზიდენტის ძალიან საინტერესო მიმართვა-ინტერვიუ მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობა ახლა ში წყდებაო. პუტინი არასანდო პოლიტიკოსია და ყველა ის პირობა თუ შეთანხმება რომელიც საფრანგეთთან ჰქონდა დადებული უბრალოდ დაარღვია და აგრესიაში გადათარგმნაო. საფრანგეთის ინტერესებს ებრძვის ყველგანო. ამით მაკრონმა, როგორც ჩანს რუსეთის მიერ ორგანიზებულ საფრანგეთის საწინააღმდეგო სამხედრო გადატრიალებებზე მიანიშნა აფრიკის კონტინენტზე, სადაც საფრანგეთის პოზიციები მკვეთრად დასუსტდა. მან ხაზი გაუსვა საფრანგეთის პოზიციაზე და აღნიშნა, რომ თუკი მსოფლიოში წამყვან ძალად ყოფნა გსურს უნდა დაეხმარო შენს მოკავშირეებს და თუ ამას ასე არ იზამ და მტერი გაიმარჯვებს, მაშინ რამდენად სანდო სახელი გექნებაო. ამასთან, მან ხისტად გადაჭრა: “კაპიტულაციას არასდროს მოაქვს მშვიდობა!”. მაკრონის ხაზგასმით მშვიდობა 2014 წლამდე საზღვრებზე დაბრუნებას შეუძლია მხოლოდ ახლა კი რეალური საფრთხე არამხოლოდ უკრაინას არამედ მოლდოვასაც უდგას და უნდა დავიცვათ მისი საზღვრებიო. ეს საკმაოდ საინტერესო განცხადებაა, რადგან აშკარაა რუსეთის მხრიდან წყება პროვოკაციებისა და პოლიტიკური ქაოსისა მოლდოვასთან მიმართებითაც არსებობს. მან იარაღის წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს თავდაცვა, მისი ბიუჯეტი და წარმოება არამხოლოდ საფრანგეთში არამედ უკრაინაშივეო. კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია ეს მის ინტერვიუში, რადგან მან ამას მოაყოლა – დღეს ფინანსებზე და ყველა გარე თუ შიდა ფაქტორზე მნიშვნელოვანი აგრესორის მარცხიაო. მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა – ჩვენ საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ და მოვილაპარაკეთ, მაგრამ ახლა მოსალაპარაკებელი აღარც აღარაფერი დარჩაო. დღეს რუსეთის გამარჯვება საფრანგეთის ეგზისტენციალური საფრთხეაო. მისი ინტერვიუდან ნათელი ხდება, რომ საფრანგეთი რუსეთის მარცხის აუცილებლობას იმაზე სერიოზულად ეკიდება, ვიდრე იგივე კრემლს ეგონა. გარდა ამისა, ნათელია ისიც, რომ საფრანგეთი ევროპის ლიდერის პოზიციის დაბრუნებას ცდილობს და არსებულ შანსს როგორც შეუძლია იყენებს. მისი განცხადებიდან არ ჩანს რომ ფრანგულ დანაყოფებს აპრიორი ვიხილავთ მომდევნო დღეებში უკრაინაში (გამორიცხული არაფერია), მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური პათოსი პარიზის მხრიდან ძალიან მაღალია. ეს კი ბოლო 30 წლის განმავლობაში სრულიად შეცვლილ რეალობაზე მიუთითებს, რაც სხვა სახელმწიფოებსაც გაუჩენს მოტივაციას.

ასევე დაგაინტერესებთ