ასობით ათასი დაღუპული ან დაჭრილი, თუმცა დასასრული არ ჩანს. უკრაინაში ომი უკვე სამი წელია მძვინვარებს.
მიუხედავად ამისა როგორც უკრაინის, ისე რუსეთის წარმატებები და შეცდომები, გაკვეთილად იქცა საფრანგეთის არმიისთვის.
ეს კონფლიქტი ტექნოლოგიური თუ ტაქტიკური ინოვაციების გამო, მიანიშნებს, როგორი იქნება მომავლის ომები.
ამ ყველაფრის გამო, საფრანგეთის არმია იძულებული გახდა, თავდაცვის ინოვაციების განყოფილება შეექმნა.
„საბოლოოდ, ამ ომში ნანახი ინოვაცია და ადაპტაციის გზები გახდა ის მიზეზი, რამაც გვაიძულა, გვემუშავა მობილიზაციასა და გადამზადებაზე“, – ამბობს გენერალი რუდოლფ ჰარდი, საფრანგეთის არმიის მომავალი საბრძოლო ბრიგადის მეორე მეთაური.
ამ წლის ერთ-ერთი საკვანძო გაკვეთილი ეხება რადიოელექტრონულ ბრძოლას. ეს უკრაინის ომში აქტიურად გამოიყენება.
ამან აიძულა ფრანგი სამხედრო ლიდერები განეხილათ – სად არის ხარვეზები მათ შესაძლებლობებში.
„თუ ვერ იყენებთ თქვენს მობილურ ტელეფონს, რადგან ის ქსელს ვერ უკავშირდება, ეს რთული საკითხია. სამხედრო სფეროში, იქნება ეს ზოგადი კომუნიკაცია, GPS-ზე დაფუძნებული სისტემები, საჰაერო ხომალდების ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, ან თუნდაც დრონების პილოტის გარეშე მართვის საშუალებები… ეს ყველაფერი ელექტრომაგნიტურ ველს იყენებს. ჩვენ ამ სივრცეზე გავლენა უნდა გვქონდეს, უნდა შეგვეძლოს, ამ ოპერაციების შეფერხება. ეს დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური, ეს საკვანძო საკითხია“, – ამბობს ვიცე-ადმირალი ემანუელ სლარსი, საფრანგეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე.
რუსეთის ომმა უკრაინაში, ნატოს პოლონეთში ახალი ცენტრის შექმნაც კი შთააგონა. ეს ცენტრი დაეხმარება ალიანსს უკრაინის ბრძოლის ველიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლაში.
წყარო: euronews georgia
