Axios-ის ცნობით, სულ უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას, მათ შორის, საფრანგეთი და საუდის არაბეთი. მაკრონმა აღიარა, რომ პარიზი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ „არა ემოციების საფუძველზე“.
“ბევრმა საერთაშორისო მოკავშირემ გადაწყვიტა ისრაელთან ურთიერთობების გადახედვა ღაზას სექტორში მიმდინარე ბრძოლების გამო და საფრანგეთი აპირებს პალესტინის სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებას მომავალ თვეში”, – წერს Axios.
პორტალი აღნიშნავს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა პალესტინელი ჰამასის მებრძოლების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე 2023 წლის ოქტომბერში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. თუმცა, “ბოლო ორი თვის განმავლობაში ნეთანიაჰუმ „დასავლეთში დარჩენილი ბევრი მეგობარი დაკარგა“, – წერს Axios.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა მაშინ შემცირდა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ღაზას სექტორში შევიდნენ. დასავლეთში უკმაყოფილებამ კი პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადეს, – აღნიშნავს პორტალი.
ახლა სულ უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესაძლებლობას. მათ შორის არიან საფრანგეთი და საუდის არაბეთი. ივნისში ორივე ქვეყანა უხელმძღვანელებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებას ეძღვნება. ამ სამიტის შემდეგ, პარიზმა და რიადმა შესაძლოა პალესტინის აღიარების შესახებ გამოაცხადონ, – წერს Axios.
ცნობისთვის, პალესტინამ დამოუკიდებლობა 1988 წელს გამოაცხადა. მისი სტატუსი გაეროს 140-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორისაა რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, შვედეთი, პოლონეთი. პალესტინის სახელმწიფო ამჟამად არ არის აღიარებული ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია.
პალესტინის აღიარების შესაძლებლობა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც აღიარა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ეს სარგებელს მოიტანს, მაგრამ, რა თქმა უნდა არა „ემოციებზე დაყრდნობით“.
ერთი წლის წინ ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შემდეგ, ესპანეთმა და ირლანდიამაც გამოაცხადეს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. საპასუხოდ, ისრაელმა კონსულტაციებისთვის სამივე ევროპული ქვეყნიდან თავისი ელჩები გაიწვია. ნეთანიაჰუმ მათ გადაწყვეტილებას „ტერორის დაჯილდოება“ უწოდა.
2025 წლის მარტში, სამიტის შემდეგ, არაბულმა ლიგამ გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინელ ხალხს აქვს სახელმწიფოს შექმნის უფლება. არაბულმა ქვეყნებმა ისრაელს მოუწოდეს, შეწყვიტოს აგრესია დასავლეთ სანაპიროზე. სხვა საკითხებთან ერთად, დეკლარაცია მოუწოდებს შეწყდეს იქ ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა, პალესტინური სახლების ნგრევა და სამხედრო ოპერაციები პალესტინის დასახლებულ ტერიტორიაზე.
