საფრანგეთი გაათავისუფლებს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერს

ეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 29 იანვარს სატელეფონო საუბარში მიაწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
პარასკევს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ზელენსკიმ თქვა, რომ მაკრონს მადლობა გადაუხადა ტანკერის დაკავებისთვის. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა კანონმდებლობის შეცვლის სურვილი, რათა მომავალში დაკავებული ტანკერები დაპატიმრებული დარჩეს.
საერთაშორისო საზღვაო სამართალი არ უშვებს სამოქალაქო ხომალდების დაკავებას საერთაშორისო წყლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. გავრცელებული ცნობებით, ევროპული ქვეყნების მიერ “ჩრდილოვანი ფლოტის” სხვა ტანკერების დაკავების ყველა სხვა შემთხვევაც გარკვეული დროის შემდეგ მათი გათავისუფლებით დასრულდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას თქმით, დაკავებულ ტანკერს არ აქვს კავშირი რუსეთთან. “ეკიპაჟი, რამდენადაც ცნობილია, შედგება ინდოეთის მოქალაქეებისგან… რაც ეხება ტვირთს, არ ვიცი ის ვის ეკუთვნის და ვინ არის მისი მფლობელი. ამდენად, დაკავებულ ხომალდს მართლაც არ აქვს არანაირი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან” – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
22 იანვარს საფრანგეთის სამხედროებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს ნავთობის ტანკერი Grinch-ი, რომელიც მურმანსკიდან გავიდა. ეს ხომალდი 2025 წლის ივლისიდან შეყვანილია ევროკავშირის, -ის და დიდი ბრიტანეთის სანქციათა სიებში. ხომალდი დაცურავს კომორის კუნძულების დროშით და ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთში ჩააქვს ნავთობი. 26 იანვარს დააპატიმრეს ტანკერის კაპიტანი – მის სახელს საჯაროდ არ აცხადებენ, თუმცა ამბობენ, რომ ის 58 წლისაა და ინდოეთის მოქალაქეა.
მაკრონმა რუსეთის ნავთობით დატვირთული ტანკერის დაკავების შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად იმ მომენტში, როცა ზელენსკი დავოსის ფორუმზე გამოდიოდა სიტყვით. თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა მიბაძონ -ს, რომელიც აკავებს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერებს და მათი ტვირთის კონფისკაციას ახდენს.
სანქციების დარღვევით მომუშავე ხომალდების შესახებ ოპერაციის ფარგლებში, დეკემბრის ბოლოდან აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვაში დააკავეს შვიდი ტანკერი, მათ შორის ხომალდი სახელით Sagitta. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ამ ხომალდის სანქციების სიაში შეყვანის საფუძვლად მოიტანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის გამო.
აშშ-ის სამხედროების მიერ დაკავებულ ხომალდებს შორისაა აგრეთვე რუსეთის დროშით მცურავი ტანკერი Marinera. ამ ხომალდის დაკავებას მოსკოვმა უკანონო უწოდა და ვაშინგტონს ბრალი დასდო დაძაბულობის გაზრდაში.