საფრანგეთი ახალი EES სისტემის ამოქმედების გადავადებას ითხოვს

საფრანგეთის აეროპორტები ევროკავშირს სთხოვენ ახალი შესვლის სისტემის (EES) ამოქმედების თარიღი 2025 წლამდე გადადოს. მათი თქმით, ნოემბრისთვის მოსამზადებლად დრო არ ექნებათ.
EES თავდაპირველად მიმდინარე წლის მაისში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გამო, მისი გაშვება 2024 წლის 6 ნოემბრამდე გადაიდო.
ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აეროპორტები მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე უნდა მოამზადოს, მაგრამ საფრანგეთში ეს სამუშაოები ზაფხულში ვერ განხორციელდება.
აეროპორტის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ერთი თვე საკმარისი არ იქნება ყველა პროცესის დასაწყებად. შესაბამისად, ისინი ახალი სისტემის ამოქმედების გადადებას 2025 წლის პირველი კვარტალისთვის ითხოვენ.
ევროკავშირის მხრიდან ჯერჯერობით პასუხი არ არის.
ცნობისთვის, EES არის ევროკავშირის ახალი სასაზღვრო კონტროლის სისტემა, რომელიც გავრცელდება მესამე ქვეყნებიდან მოგზაურებზე. ის დაარეგისტრირებს შემოსვლა-გასვლებს და დამატებით ინფორმაციას უცხოელების შესახებ (მაგალითად, შესვლის აკრძალვის მიზეზი, დოკუმენტების გაყალბების შემთხვევები და ა.შ.).