საფრანგეთში თავდასხმები იყო საპატიმრო დაწესებულებებზე. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ზოგიერთი დაწესებულების გარე პერიმეტრზე ხანძარი გააჩინეს, ერთს კი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ 15 აპრილს მომხდარ თავდასხმებს „ტერორისტული შეტევა” უწოდა. საქმეს ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, თავდასხმა იყო შვიდ პენიტენციურ დაწესებულებაზე საფრანგეთის სამხრეთში, მათ შორის ტულონსა და მარსელში და პარიზის მახლობლად.
ტულონის საპატიმროს ჭიშკარი შენობასთან მოძრავი ავტომობილიდან დაცხრილეს. მარსელში პენიტენციური დაწესებულების ავტოსადგომზე ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე ავტომობილს.
ტულონსა და სხვა ქალაქებში თავდამსხმელებმა დატოვეს წარწერა DDPF. ეს აბრევიატურა ნიშნავს „ფრანგი პატიმრების უფლებებისთვის“. სააგენტო AFP-ის ცნობით, ზოგიერთ ადგილას იყო ანარქისტული ლოზუნგებიც.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა, რომელიც ინციდენტის გამო ტულონში ჩავიდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხარდასაჭერად, თავდასხმები დაუკავშირა ხელისუფლების მასშტაბურ ბრძოლას ნარკოტოკების უკანონო ბრუნვასთან.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტალომ მუნიციპალურ მთავრობებს საპატიმრო დაწესებულებებისა და პერსონალის დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თავდასხმებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი იქნება.
ფორუმი
