საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმა, ედუარ ფილიპმა მაკრონს მოუწოდა, რომ გადადგეს

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების გამო, თავისი ვადის ამოწურვამდე უნდა გადადგეს.

ფილიპი მაკრონის მთავრობას 2017-2020 წლებში ხელმძღვანელობდა. ახლა მან განაცხადა, რომ მაკრონმა “ვადამდელი საპრეზიდენტო ს ჩატარების შესახებ უნდა განაცხადოს,” როგორც კი საფრანგეთი მომავალი წლის ბიუჯეტს მიიღებს.

“მე არ მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გადადგომისკენ… მაგრამ პრეზიდენტმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს,” – თქვა ფილიპმა ფრანგული რადიო RTL-ის ეთერში.

ფილიპმა ადრე განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს და ზოგიერთი კვლევის თანახმად, მას შეუძლია მეორე ტურში გავიდეს და იქ ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების” კანდიდატს – მარინ ლე პენს ან ჯორდან ბარდელას დაუპირისპირდეს.

თუ მაკრონი ახლა გადადგება, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 20-35 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. მისი მოქმედი ვადა 2027 წლის პირველ ნახევარში სრულდება.

მაკრონის მეორე ყოფილმა პრემიერმა, გაბრიელ ატალმა – საპრეზიდენტო პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა – განაცხადა, რომ მას “აღარ ესმის” მაკრონის გადაწყვეტილებებს და ის “ხელისუფლებაში დარჩენის” სურვილში დაადანაშაულა. Elabe-ს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფრანგების 51% მიიჩნევს, რომ მაკრონის გადადგომა შეამცირებს პოლიტიკურ დაძაბულობას ქვეყანაში, 26% კი თვლის, რომ ეს მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, ხოლო 23%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი.