საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი – საფრანგეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ორშაბათიდან დაუბრუნდება

საფრანგეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ორშაბათიდან დაუბრუნდება, – ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, პატრის ვერგრიეტმა განაცხადა.
საფრანგეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიაში განაცხადეს, რომ პარასკევს შეფერხებების გამო 250 000 მგზავრი დაზარალდა.
შეგახსენებთ, გუშინ, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის, SNCF-ის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.
SNCF-ის ხელმძღვანელმა, ჟან-პიერ ფარანდუმ განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.