საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული თავისი ვალდებულებები, საფრანგეთი ასევე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას,- ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 17 წლის შემდეგ საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელძღვანელობის ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობების გზაზე დაწესებული შეფერხებები საერთაშორისო სამართლის მიუღებელ დარღვევებს წარმოადგენს.
საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული თავისი ვალდებულებები. საფრანგეთი ასევე ხელახლა ამტკიცებს ჟენევის საერთაშორისო საუბრების (GID) პლატფორმისადმი თავის მხარდაჭერას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. საუბრებისთვის მხოლოდ ამ ფორმატს შეუძლია მხარეებს საერთო მოგვარებისადმი მუშაობის საშუალება მისცეს.
თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა (EUMM) და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში არსებულ კრიზისზე ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის მუშაობის მხარდაჭერას. ის ასევე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.
