საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თბილისში დემონსტრანტებზე ძალადობას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყყენების ფაქტებს ეხმაურება X-ზე (ყოფილი ტვიტერი)
“საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად” – წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში.
“აგენტების კანონი” , რომლის წინააღმდეგაც ხალხმრავალი აქციები იმართება თბილისში, საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო. ამ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია, თბილისში ორი კვირაა იმართება აქციები. პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ჯიუტად ცდილობს “რუსულ კანონად” წოდებული კანონის მიღებას, მკვეთრად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს და უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება ამ შიშების პასუხად იყენებს ტერმინს “ღირსებით ევროპისკენ” და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე უარს არ ამბობს და ამ გზაზე თავის პრინციპებს დაიცავს.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ბაქრაძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით

თინა ბოკუჩავა – არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩამოვწერთ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება – ამ ყველაფრისთვის გვაქვს ერთი შანსი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები