საფრანგეთის მინისტრი ჩამოთვლის შესაძლო სანქციებს “ოცნების” რეპრესიების საპასუხოდ

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამინ ადადი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციები განიხილება როგორც საერთო ევროპულ, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ დონეზე.
„სამწუხაროდ, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახეთ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაინაცვლა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიებისკენ. ვნახეთ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება და ძალადობა. ვნახეთ , რომელსაც ეუთომ და ევროპარლამენტმა არასამართლიანი და, სამწუხაროდ, მიტაცებული უწოდეს. როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა, პატივი სცე კანონის უზენაესობას, სიტყვის თავისუფლებას, ფუნდამენტურ უფლებებს და უმცირესობათა უფლებებს. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებთ ამ გადახვევას და მზად ვიქნებით ზომების მისაღებად როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზე, რომ დავასანქციროთ პირები, ვინც კურსიდან გადახვევაზეა პასუხისმგებელი“, — განაცხადა ადადიმ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს — სანქციების, კანდიდატის სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების ჩათვლით.
„არ არის გვიანი, წახვიდეთ სხვა მიმართულებით და გქონდეთ ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასთან, რომ დასვათ ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან და იფიქროთ ახალ პროცესზე, რომელმაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ. პროცესი უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული, გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული და იქნება დემოკრატიული პროცესი. ამის იმედი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ აღადგინოს ევროპული ნარატივი და ევროპული პროცესი. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამის საპირისპიროა და საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს. და ამას საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ“, — განაცხადა ადადიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონს საქართველო ძალიან ადარდებს, ამიტომაც ჰქონდა დეკემბერში სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილთან. განმეორებითი ზარი, მინისტრის ცნობით, არ შემდგარა.
„მაკრონმა გადასცა ის მესიჯი, რასაც ახლა გეუბნებით — ჩვენ უარვყოფთ და ვგმობთ რეპრესიებს, ჩვენ გვინდა, გაიხსნას ინკლუზიური პროცესი და გვინდა პატივისცემაზე დაფუძნებული, მშვიდობიანი დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რამაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ. ამ მესიჯის გავრცელებას ჩვენ სხვადასხვა არხებისა და დიპლომატიური არხების მეშვეობით გავაგრძელებთ. ჩვენ გვაქვს საელჩო და გვყავს ელჩი საქართველოში. საქართველო კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანაა და ეს გულისხმობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას დაიცვა კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედია და ოპოზიციის თავისუფლება“, — დასძინა ადადმა.
ბენჟამინ ადადის ინტერვიუს თარგმანს „ტვ პირველი“ ავრცელებს.