2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, 14 ივნისს, “ალიანც არენაზე”, გერმანიისა და შოტლანდიის დაპირისპირებით გაიხსნება. იტალიის ნაკრები კი აღნიშნული ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებას ეცდება.
“აძურის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ SportItalia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დონის არ არის, თუმცა იტალია ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
“მართალია, რომ ტურნირის ფავორიტებად არ ვითვლებით, არ ვართ იმ დონეზე, როგორზეც ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი არიან, თუმცა გვინდა, რომ უახლოეს პერიოდში მათ სიმაღლეზე ვიყოთ.
თუ ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა გვსურს, ყველამ
მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ისტორიულად, იტალიის ნაკრებს დიდ ტურნირებზე თამაში ყოველთვის გამოსდიოდა, თუმცა ეს უპირატესობას არ გვაძლევს, ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ნებისმიერ მატჩში გამარჯვებითვის ვიბრძოლოთ”, – განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 15 ივნისს, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.
