საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საქართველოც არის ნახსენები.
კერძოდ, რეზოლუციის ტექსტით, ეროვნული ასამბლეა გმობს რუსეთის ჩარევას ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი – მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში.
რაც შეეხება უკრაინას, რომელიც რეზოლუციაში მთავარ საკითხადაა, ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და NATO-ს, გააგრძელონ და გაზარდონ უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
რეზოლუციით ეროვნული ასამბლეა კვლავ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.
ამასთან, ფრანგი კანონმდებლები მოუწოდებენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ ამ პროცესის დასრულება, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით.
რეზოლუციას 288 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
