საფრანგეთის ელჩი უკრაინაში, გაელ ვასიე აცხადებს, რომ მშვიდობა სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია და საფრანგეთი უკრაინას ამის განხორციელებაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ელჩი აცხადებს, რომ 2024 წელი უკრაინისთვის საკმაოდ მძიმედ, ახალი თავდასხმების კამპანიით დაიწყო, რამაც უთვალავი ზარალი და მსხვერპლი გამოიწვია.
„ეს პერიოდი, რომელიც სადღესასწაულო უნდა ყოფილიყო, გახდა ომის რეალობის სასტიკი შეხსენება, რომელიც გრძელდება როგორც ფრონტზე, ისე უკანა მხარეს, რომელიც ყოველთვის არის უკრაინელების გონებასა და გულებში. თითქმის ნახევარი წელია, რაც საფრანგეთის ელჩი ვარ უკრაინაში. ეს სულაც არ არის ბევრი. მაგრამ კიევში ჩვენ ვცხოვრობთ აჩქარებულ დროში“, – განაცხადა გაელ ვასიემ.
საფრანგეთის ელჩმა, ასევე, გაიხსენა პრეზიდენტ მაკრონის სიტყვებიც – „საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება“. ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის სურვილი უკრაინისა და უკრაინელებისთვის გამარჯვებაა.
მისივე თქმით, უკრაინის ბედი ევროპულია და საფრანგეთი ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინას მხარს უჭერს.
მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ საფრანგეთი კვლავ დაეხმარება უკრაინის არმიას გაძლიერებაში.