საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა, მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა.
განახლებულ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კატრინ კოლონას ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი, სტეფან სეჟორნე შეცვლის. კულტურის მინისტრის თანამდებობას, რაშიდა დათი დაიკავებს, რომელიც ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს კეტრინ ვოტრინი ჩაიბარებს, განათლების მინისტრად კი ამელი ოუდეა-კასტერა დაინიშნა.
ფრანგულ პრესაში აღნიშნავენ, რომ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე გაბრიელ ატალის ყოფილი პარტნიოტია. France 24 ხაზს უსვამს, რომ წყვილს დაშორება საჯაროდ არ დაუდასტურებია, თუმცა, საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოსთვის ოქტომბერში მიწოდებულ ინფორმაციაში, ატალმა თქვა, რომ პარტნიორი არ ჰყავს.
საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებს ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის დასაფიქსირებლად ადგენს.
საფრანგეთის სისტემის მიხედვით, პრეზიდენტი ადგენს საერთო პოლიტიკას, ხოლო პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია კაბინეტის არჩევაზე და მთავრობის ყოველდღიურ მართვაზე.
34 წლის გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა.
ატალი, რომელიც ბოლოს განათლების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 იანვარს ახალ თანამდებობაზე დანიშნა.
გაბრიელ ატალი იქნება საფრანგეთის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა, არამედ პირველი გეი პრემიერმინისტრი, რომელიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას საჯაროდ აღიარებს.