საფრანგეთის არმიაში ადასტურებენ სწავლებაში მონაწილე უკრაინელი ჯარისკაცების დეზერტირობას

საფრანგეთის არმიის გენერალურ შტაბში დაადასტურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ათეული სამხედროს დეზერტირობის ფაქტი. საუბარია 2024 წელს შექმნილი ანა კიეველის სახელობის 155-ე მექანიზირებული ბრიგადის ჯარისკაცებზე, რომლებსაც საფრანგეთში წვრთნიდნენ.
დეზერტირობის ფაქტი ანონიმურობის დაცვის პირობით სააგენტო AFP-ს დაუდასტურა საფრანგეთის არმიის წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, ჯარისკაცები, რომლებსაც საფრანგეთში ამზადებდნენ, უკრაინული სარდლობის მიერ დადგენილ დისციპლინურ რეჟიმს ექვემდებარებოდნენ. მათ ყაზარმის დროებით დატოვება არ ეკრძალებოდათ.
საფრანგეთში დეზერტირობა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, ამიტომ პროკურატურა არ არის უფლებამოსილი მიმართოს ზომებს დეზერტირების დასაკავებლად. წყაროს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცის გაქცევის ფაქტი.
როგორც სააგენტო AFP წერს, საფრანგეთის არმიის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიაზე მოამზადეს უკრაინული ბრიგადის 2300 ჯარისკაცი, რომელთა უმრავლესობა ახალწვეული იყო. მათ თან ახლდა 300 უკრაინელი ინსტრუქტორი.
უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი დეკემბრის ბოლოს წერდა, რომ ანა კიეველის სახელობის ბრიგადის ცუდად აღჭურვის და სხვა პრობლემების გამო, ბრიგადა დატოვა 1700-მა ჯარისკაცმა, 50 კი საფრანგეთში წვრთნების დროს გაიქცა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ბრიგადა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს ერთ-ერთ ყველაზე რთულ, პოკროვსკის მიმართულებით.
5 იანვარს, უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლობაში დაადასტურეს, რომ ანა კიეველის სახელობის ბრიგადაში „გარკვეული პრობლემებია“. უფლებამოსილების გადამეტების და დეზერტირობის ფაქტებს იძიებს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო.
ფორუმი