გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასების ვარდნა მეორე დღეა გრძელდება, იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულმა ტარიფებმა ეკონომიკური ვარდნის შიში გააღვივა, – ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
The Guardian-ის ცნობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 100-ის ინდექსი 99 პუნქტით, ანუ 1.17%-ით, 8375 პუნქტამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია იანვრის შუა რიცხვების შემდეგ. პარიზის საფონდო ბირჟის ინდექსი – Cac 40 – 0.92% -ით დაეცა, ფრანკფურტის Dax-ი – 0.74% -ით, ესპანეთის IBEX კი – 1.4%-ით დაეცა. იაპონიის Nikkei 225 ინდექსი დღეს 2.75%-ით დაიხურა, რაც, The Guardian-ის მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ივლისის რეკორდული დახურვის მაჩვენებელთან შედარებით 19.996%-ით დაეცა.
ეცემა ნავთობის ფასიც. კერძოდ, Brent-ის ნავთობის ფასი დღეს დილით 1.85%-ით დაეცა და ბარელზე 68.83 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
Bloomberg-ის გამოთვლების მიხედვით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება გუშინ, საერთო ჯამში, 208 მილიარდი დოლარით შემცირდა.
გამოცემა წერს, რომ ეს ვარდნა არის ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პიკის შემდეგ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი – 17.9 მილიარდი აშშ დოლარი Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაკარგა. ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა 15.9 მილიარდი აშშ დოლარის პირადი ქონება დაკარგა, რადგან მისი კომპანია Amazon-ის აქციების ფასი გუშინ 9%-ით დაეცა. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა კი 11 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.
