„საფონდო ბირჟა განვითარების ტემპს ჩამორჩება… საქართველომ ასევე უნდა იმუშაოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზე“ – როგორია ქართული კაპიტალის ბაზრის გამოწვევები

„საფონდო ბირჟა განვითარების ტემპს ჩამორჩება… საქართველომ ასევე უნდა იმუშაოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზე“ – როგორია ქართული კაპიტალის ბაზრის გამოწვევები
საქართველოში კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაზე და შესაბამისად ბიზნესის მხრიდან დაფინანსების წყაროების ნაკლებობაზე, სფეროს წარმომადგენლები წლებია საუბრობენ, დროდადრო მისი განვითარების აუცილებლობაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც აკეთებენ განცხადებას, თუმცა ვითარება მხოლოდ უმნიშვნელოდ იცვლება.
წლების წინ ისიც ითქვა, რომ საპენსიო თანხები უნდა გამხდარიყო საინვესტიციო ბაზა, რომელიც საფონდო ბირჟის და კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობდა ხელს. წლები გავიდა თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა. როგორც „კომერსანტთან“ საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე ამბობს, აღმავალი ტრენდი შეინიშნება, თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო.
„დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დამატებითი ბენეფიტი ნამდვილად უნდა იყოს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ საპენსიო ფონდის თანხების დივერსიფიცირებული განთავსება ქართული კომპანიების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში – დასაწყისისათვის საკრედიტო ინსტრუმენტებში (ბონდებში). ბოლო წლებში, ნამდვილად ვხედავთ კაპიტალის ბაზარზე ერთგვარ გამოცოცხლებას: მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს, წამყვანი საინვესტიციო / საბროკერო კომპანიების გააქტიურებას და ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების (ბონდების) გამოჩენას. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების აღმავალი ტრენდი ნამდვილად შეინიშნება და ეს სასიხარულოა.
ამ პროცესის დასაჩქარებლად, საჭიროა მეტი ექსპერტიზის და პროფესიონალების ჩართვა და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების შემოტანაზე ფოკუსით.
რაც შეეხება საფონდო ბირჟას, რომელიც კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია – განვითარების ტემპს ნამდვილად ჩამორჩება. ეს, თავის მხრივ, ხელს უშლის ბაზარზე არსებული ინსტრუმენტების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას და, შედეგად, პოტენციური ინვესტორების „თავშეკავებას“, – ამბობს ლევან სურგულაძე.
ფინანსისტის აზრით, გარდა ამისა აუცილებელია ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება.
„საქართველომ ასევე უნდა იმუშაოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზე. როგორც კი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მიაღწევს საინვესტიციო ხარისხს, მრავალ უცხოურ ფონდს გაეხსნება საშუალება საქართველოს ბაზარზე არსებულ ინსტრუმენტებში ინვესტიციების განხორციელებისთვის. თუ ამ დროისთვის საქართველოს ბაზარზე გვექნება საკმარისი ოდენობის საინვესტიციო ინსტრუმენტები, მაშინ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ოდენობის პორტფელური ინვესტიციების საშუალებით შემოვა დიდი ოდენობის კაპიტალი, რაც ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს და ქვეყნის ეკონომიკასაც განვითარების თვისებრივად მაღალ საფეხურზე გადაიყვანს“, – ამბობს ლევან სურგულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ