საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტრენდია, რამაც ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია შეიწირა – რატომ ეცემა საფონდო ბირჟა? (bm.ge)
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, რომელმაც უკვე შეიწირა რამდენიმე ტრილიონი დოლარის მოცულობის კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება 5.5%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500-ის შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ცუდი შედეგი ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ, რომელთა შეფასების დიდი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტზეა დამოკიდებული.
საფონდო ბირჟის დაღმასვლას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მათ შორის უმთავრესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომელიც ამჟამად უჩვეულოდ არასტაბილური და გაურკვეველია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ-ახალ რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს, რის გამოც, ინვესტორებს თავიანთი კაპიტალის ბირჟაზე გაჩერების ეშინიათ და ურჩევნიათ, აქტივები დროებით ნაღდ ფულში ან ობლიგაციებში გადაიტანონ.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას გასაჯაროვდა უახლესი სტატისტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენელებულია, რადგან მეოთხე კვარტალში ზრდამ 2.3% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით თითქმის 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ადგილობრივი მოხმარების შემცირებამ და შემცირებულმა ინვესტიციებმა გამოიწვია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეოთხე კვარტალში აშშ-ის ზოგიერთ შტატში მასშტაბურ ხანძრებს ებრძოდნენ და ზოგში – ყინვასა და უამინდობას, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა.
ამასთან, ჯერაც გაურკვეველია რუსეთ-უკრაინის ომის ბედ-იღბალი. მართალია, მოლაპარაკების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები არ არის, რადგან მოსკოვი და კიევი რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, ვაშინგტონი კი არა მედიატორის, არამედ უკრაინის წარმომადგენლის როლს ასრულებს და მოლაპარაკების მაგიდასთან მის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს, ეს კი არც უკრაინულ მხარეს და არც ინვესტორებს არ მოსწონთ.
ტრამპის ქმედებებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა მაინც მის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს უკავშირდება, რომელმაც გლობალური ეკონომიკურ სისტემა თავდაყირა დააყენა. საქმე ისაა, რომ ტარიფების ამოქმედების სიახლეს ინვესტორები უკიდურესად ნეგატიურად იღებენ, რადგან ტარიფებთან მიმართებით არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ სავაჭრო ბარიერების ამოქმედება ფასების ზრდას, პროდუქციის გაძვირებას და ინფლაციის დაჩქარებას გამოიწვევს.
თავად ინფლაცია ცალკე პრობლემად რჩება, რომელთანაც ბრძოლაში ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ისევ მკაცრად ინარჩუნებს. თუკი FED-ის ხელმძღვანელს დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ უნდა მოველოდეთ, ეს კი საფონდო ბირჟაზე ნეგატიურ ზეწოლას ზრდის.
ამერიკაში არსებულ პრობლემებთან ერთად, გასათვალისწინებელია ჩინეთის ფაქტორი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე დაბრკოლებასთან უწევს გამკლავება, მათ შორისაა: დეფლაცია, საწარმოო ინდექსის კლება, უძრავი ქონების სექტორის სტაგნაცია და ეკონომიკური რისკების დაგროვება, რომელთა გამო, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად მცირდება.
რატომ უნდა ადარდებდეთ ამერიკელ ინვესტორებს ჩინეთის ბედ-იღბალი? – პასუხი მარტივია: ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთი უმთავრესი ბაზარია, სადაც ყველაზე მეტი პოტენციური მომხმარებელი ცხოვრობს. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება პირდაპირ ურტყამს ამერიკის კორპორაციულ სექტორს, რადგან, მაგალითად, Apple-ში მოელიან, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში iPhone-ების რეალიზაციის მაჩვენებელი დაეცემა. ასევე, Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრადაა შემცირებული, რაც ჩინელი კლიენტების მსყიდველობითი უნარის შემცირებას და ადგილობრივი კონკურენტების გააქტიურებს უკავშირდება.
თუკი ამერიკის ეკონომიკურ სისუსტეს ჩინეთში არსებულ არასახარბიელო ვითარებას დავუმატებთ და ამ ყველაფერს იმასაც მივათვლით, თუ რა შედეგს გამოიღებს ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომი, მივხვდებით, თუ რაოდენ არახელსაყრელ და გაურკვეველ გარემოში უწევთ ამჟამად კომპანიებს ოპერირება, ინვესტორებს კი – გადაწყვეტილების მიღება.
ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური დაპირისპირების რისკები იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ ამერიკა და ჩინეთი სავაჭრო ომის ახალ ფაზაში გადავიდნენ, რაც სანქციების და ტარიფების გამკაცრებას მოიაზრებს, თავად ეს მოცემულობა კი ორივე მხარისათვის უკიდურესად ნეგატიური იქნება და დღეს ინვესტორებს სწორედ ამ რისკების გათვალისწინება უწევთ.
წყარო: bm.ge
