საფინანსო სექტორი არის ერთადერთი სფერო, სადაც ვაკანსიების კუთხით კლება არ შეინიშნება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა განუცხადა.
გიორგი ხიშტოვანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი შენელება დაფიქსირდა და ვაკანსიები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5%-ით, ხოლო გასულ თვესთან, ანუ ნოემბერთან შედარებით 20%-ით შემცირდა.
ზოგადად, კვლევით ცენტრში ამბობენ იმასაც, რომ დასაქმების ბაზარზე შენელების პროცესი ბოლო თვეებია მიმდინარეობს. მათ შორის, წინა თვესთან შედარებით, ვაკანსიების კლება დაფიქსირდა ნოემბერშიც, როდესაც დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე 6,218 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თითქმის 21%-ით ნაკლები იყო 2024 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობაზე.
ის, რომ ვაკანსიების რიცხვში კლების ტენდენცია ნარჩუნდება ადასტურებენ დასაქმების სხვა პორტალებზეც. მაგალითად, awork.ge-ზე ამბობენ, რომ დეკემბერში მათ პორტალზე განთავსებული განცხადებების რაოდენობა 30-35%-ით შემცირდა. ამ შემთხვევაშიც კლება დაფიქსირდა ყველა სექტორში, განსაკუთრებული ვარდნა კი – მომსახურების სფეროში შეინიშნებოდა. ერთ-ერთი წამყვანი სექტორი, სადაც ვაკანსიების რიცხვი ასევე მკვეთრად შემცირდა – IT სფეროა.
რაც შეეხება პროგნოზებს, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ 2025 წელს ვაკანსიების რაოდენობაში მკვეთრ ზრდას არ ელოდება.
„მიმდინარე წელს, არც ანაზღაურებების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებამდე ჩავატარეთ გამოკითხვა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ იანვრის თვიდან გამოკითხული კომპანიების 50% დასაქმებულებისთვის ანაზღაურების ზრდას გეგმავდა. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელფასების ზრდა მასშტაბურად მოხდება. ვფიქრობ, 2025 წელს ბიზნესების მხრიდან ანაზღაურებების ზრდას სიმბოლური ხასიათი ექნება და დაახლოებით, 5%-ის ფარგლებში გაიზრდება“, – განმარტა გიორგი ხიშტოვანმა.
გიორგი ხიშტოვანი ზოგადად იმ ადამიანების რაოდენობაზეც საუბრობს, რომლებიც საქართველოში თვიურ ანაზღაურებას იღებენ. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ ადამიანების 6.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საქსტატის ბოლო, ანუ 2024 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056 ლარს უტოლდება. რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, ის 2023 წლის მონაცემებით, 1 238 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს ქვეყანაში, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.