საფეხბურთო კლუბ „ტყიბულის მეშახტეს“ 70%-იანი წილი ნახევარ ფასად იყიდება – რა ვალდებულება ეკისრება ინვესტორს?

საფეხბურთო კლუბ „ტყიბულის მეშახტე“-ს 70%-იან წილს ტყიბულის მუნიციპალიტეტი აუქციონზე 64 000 ლარად ყიდის.
აუქციონის პირობების მიხედვით, კლუბის საწყისი ღირებულება 127 740 ლარს შეადგენს, თუმცა ის აუქციონზე, რომელიც 20 ივნისს დასრულდება ნახევარ ფასად იყიდება.
საფეხბურთო კლუბის შეძენის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია:
ა) ხელი შეუწყოს ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, რაც უნდა გამოიხატოს დამტკიცებული ახალგაზრდული ჯგუფების, გუნდების, /კლუბების მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში, ასევე ქვეყანაში დამტკიცებული პროგრამებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად გუნდების განახლებასა და შესაბამისი ჩემპიონატისთვის მომზადებაში.
ბ) არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტე“-ს საფირმო სახელწოდება და სპორტული პროფილი „ფეხბურთი“.
გ) ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტე“-ს საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება, როგორც ეროვნულ, ასევე,საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საჭიროების შემთხვევაში.
დ) უზრუნველყოს ოფიციალური მატჩები, ასევე სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
ე) უზრუნველყოს, საფეხბურთო კლუბის მიერ უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტების შესრულება.
რაც შეეხება საინვესტიციო ვალდებულებებს:
ა) მყიდველი ვალდებულია შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტე“-ს განვითარების მიზნით 3 (სამი) წლის მანძილზე, ყოველწლიურად განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობით ინვესტირება ან უზრუნველყოს თანხის მოზიდვა. ამასთან, წლის მანძილზე განხორციელებული ინვესტიცია უნდა დაიხარჯოს ამავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე. (ამ პუნქტის მიზნებისათვის არ იგულისხმება ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდი“-დან სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები).
ბ) საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემთხვევაში შპს „საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტე“-ს განვითარებისათვის მყიდველმა წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ინვესტირებასთან ერთად, ფედერაციიდან დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ერთი წლის განმავლობაში დამატებით არანაკლებ 150000 ლარის ოდენობით კლუბის ინვესტირება.
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ამ პირობაში განსაზღვრული „საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტე“-სთვის ჩარიცხული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადახდო დავალება) ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 3 დღეში.
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის/ების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ, ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
საფეხბურთო კლუბი 1938 წელს დაარსდა, „ტყიბულის მეშახტე“ არის საქართველოს თასის მფლობელი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1964 და 1976 წელს, ასევე ქვეყნის ჩემპიონი 1980 და 1981 წლებში.