საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი სპეციალისტი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ “თელავის” ადმინისტრაციამ მწვრთნელად რუსი სპეციალისტი, 50 წლის ოლეგ ვასილენკო მოიწვია – ინფორმაცია ახალი მწვრთნელის შესახებ კლუბის ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა. ინფორმაციაში წერია, რომ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში. მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ “სტავროპოლში” დაიწყო, შემდეგ კი ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა.
იგი მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე შემდეგ კლუბებში: “სატურნი”, ბელარუსის მინსკის” დინამო”, “კრასნოდარი”, “ანჟი”, “ურალი”, “სოჩი”, ლატვიის “რფს რიგა”, ლიეტუვას “ტრაკაი”, კალინინგრადის “ბალტიკა”.
„2012/2013 წლების სეზონში ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა. მუშაობდა ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ”, – წერს კლუბის გვერდი. ამავე ინფორმაციას ახალი მწვრთნელის კომენტარიც ახლავს.
“პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მასწავლით. “თელავის” შესახებ ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრს მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ზოგადად, ბევრმა შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი “თელავი” ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ”, – ამბობს ვასილენკო.
როგორ შეარჩიეს ოლეგ ვასილენკო კლუბის მთავარ მწვრთნელად, როდის დაიწყებს მუშაობას და რამდენს გადაუხდის კუბი? რადიო თავისუფლება ინფორმაციის მისაღებად თელავის საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
საფეხბურთო კლუბ თელავის ინფორმაციით, კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის ბერძენმა გეორგიოს კოსტისმა და მისმა თანაშემწემ, სერბმა სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა კლუბი ერთი კვირის წინ დატოვეს, მიზეზი კი კონტრაქტის დასრულება გახდა.
კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წელს დააფუძნეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა – ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს