„საფერები“ გაფართოებას და ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

კომპანია „საფერები“ ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა. ორი მეგობრის მიერ დაწყებულმა საქმიანობამ, ბიზნესის სახე მიიღო. ნივთები სახლში მოწყობის სახელოსნოში მზადდება, თუმცა იგეგმება „ვორქშოპის“ გახსნაც, სადაც მომხმარებლები თავად შეძლებენ ნივთების მოხატვას. ასევე, გაზაფხულზე ფიზიკური მაღაზიაც გაიხსნება.
კომპანიის თანადამფუძნებლის, თამარ ლორიას თქმით, ნივთები იყიდება როგორც ონლაინ, ასევე რამდენიმე საჩუქრების მაღაზიაშიც.
„საფერები გაჩნდა 2 წლის წინ. არც გვქონია გათვლილი, რომ ბიზნეს პროექტი იქნებოდა. მე და მხატვარმა ხათუნა მებურიშვილმა, დავიწყეთ მინაზე ხატვა. შემდეგ, მოგვივიდა იდეა, რომ მიგვეცა ბიზნესის სახე.
ნივთები სახლში მოწყობილ სახელოსნოში მზადდება და ძირითადად ონლაინ იყიდება. თუმცა, დროდადრო ჩვენი ნამუშევრები 2-3 საჩუქრების მაღაზიაშიც შეგვაქვს, საიდანაც ასევე ხდება რეალიზაცია“.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ნივთი ექსკლუზიურია და მხოლოდ ერთი ცალი არსებობს. დაინტერესება კი ძირითადად სანათებზეა.
„ჩვენი ყველა ნივთი ექსკლუზიური და ამასთანავე, ეკოლოგიურად სუფთაა. მხოლოდ ერთი ცალი არსებობს და არ მეორდება. ყველაფრის დამზადება შეგვიძლია, რაც მინისგან მზადდება და რაც მინას უკავშირდება.
დაინტერესება მზარდია. თემატურად, სასაჩუქრე ნივთებზეა ინტერესი. გვქონდა საახალწლო თემატიკის ნივთები, ახლახან სააღდგომო კოლექცია ჩავუშვით. თუმცა, ყველაზე მეტად სანათებით ინტერესდებიან“.
მისი თქმით, ნივთების დასამზადებლად საჭირო მასალები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ. გასაყიდად გამზადებული ნივთების სარეალიზაციო ფასი კი 50 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.
„საღებავები ფრანგული წარმოშობის უმაღლესი ხარისხისაა, რომელსაც ვიწერთ საფრანგეთიდან. რაც შეეხება მინას, ძირითადად თურქეთიდან შემოგვაქვს.
ვინაიდან, ძირითადად სასაჩუქრე ნივთებს ვამზადებთ, ვცდილობთ, რომ ბიუჯეტურ ფასებში გავაკეთოთ. ნივთების სარეალიზაციო ფასი 50ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. (გვაქვს, ერთი 1000 ლარიანი ნივთიც)“.
როგორც თანადამფუძნებელმა აღნიშნა, გაზაფხულზე ფიზიკური მაღაზიის გახსნა იგეგმება.
„საკუთარი ფიზიკური მაღაზიის არ ქონა, წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. ღირებულებას 30%-დან 50%-მდე ამატებენ მაღაზიები, სადაც შეგვაქვს პროდუქცია. ვცდილობთ, რომ საკუთარი სივრცე გავაკეთოთ, სადაც გავყიდით ჩვენს ნივთებს. საკუთარი ფიზიკური მაღაზიის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. (ფართი უკვე შერჩეულია).
სამომავლო გეგმები კი ვორქშოპის გახსნას უკავშირდება. ვინაიდან მოთხოვნა ძალიან დიდია, გვინდა ვორქშოპის გახსნა, სადაც ადამიანები მოვლენ და თვითონ (ჩვენი დახმარებით) მოხატავენ ნივთებს“.