ორგანიზაცია “საფარი” მოითხოვს, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილისა და რამდენიმე სხვა მანდატურის მიმართ.
ორგანიზაცია იცავს 11 ადამიანის ინტერესებს, რომლებიც მანდატურების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე საუბრობენ. 11-დან 8 ქალია. “საფარის” მოთხოვნაა, მათ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, ძალადობაში მხილებულ მანდატურებს კი ბრალი წარუდგინონ.
დღეს, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურაში უკვე თვეებია მიმდინარეობს.
“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საფარმა სამართალდამცავ ორგანოებს არაერთი მტკიცებულება მიაწოდა: გამოიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები; დაარქივდა და დათვალიერდა სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები; საქმეში ჩაიდო ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მანდატურის სამსახურის უფროსისა და თანამშრომლების მიერ უსაფუძვლოდ, მრავალჯერად განხორციელებულ ძალადობასა და დაზარალებულთათვის მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებს ასახავს. მანდატურები დაზარალებულებზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არაპროპორციული ძალის გამოყენებით ძალადობდნენ, მათ შორის: სახეში ხელისა და მუშტის დარტყმით, დაზარალებულთა წაქცევით, ხელისა და წიხლის კვრით, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოგდებით, თრევითა და არაერთგზისი სიტყვიერი შეურაცხყოფით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ნიშნები აშკარაა. გამოძიებას დამატებით ვაცნობეთ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც დაზარალებულებმა ძალადობის შედეგად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს და საჭირო გახდა მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებაში, მონაწილეთა იდენტიფიცირების გარეშე, მოყვანილია კონკრეტული რომლებზეც პროკურატურაში საჩივარია შეტანილი.
· დაზარალებული ქალი სასამართლოს შენობიდან გამოათრიეს და ხელის კვრით გამოაგდეს, რის შედეგადაც იგი სასამართლოს კიბესთან ქვის ფილაზე დაენარცხა. დაუზიანდა ხელი და ფეხი;
· დაზარალებული კაცს სასამართლოს დერეფანში სცემა მანდატურის სამსახურის უფროსმა, მატიაშვილმა. დაზარალებულს აქვს დაზიანება მარჯვენა თვალის ქვეშ. იმავე დღეს ჩაწერილია ინტერვიუ, რომელიც გამოძიების მასალებშია წარმოდგენილი. ცემის ამსახველი ვიდეომასალა გამოძიებისთვის გადაცემულია;
· დაზარალებული ქალი ორჯერ, სხვადასხვა დროს, გახდა მატიაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალს აღენიშნებოდა წინამხრის ნაწილის დაჟეჟილობა, თითების დაჟეჟილობა ფრჩხილების ტრავმით. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რადგან ხელს ვერ ამოძრავებდა.
· დაზარალებული ქალი მანდატურებმა ალყაში მოაქციეს, ძირს დააგდეს და ურტყეს სახეში და გვერდებში არაპროპორციული ძალის გამოყენებით;
· დაზარალებულ ქალს მატიაშვილმა მუშტი დაარტყა ქვედა ყბის არეში.
გარდა ამისა, “საფარი” მოუწოდებს სახალხო დამცველის აპარატს, “განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე, შეისწავლოს აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციის მიზნით.




