„საუკეთესო იქნება შევეშვათ რთველის სუბსიდირებას და ამ თანხის ნახევარი მაინც ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოვახმაროთ“ – გიორგი სამანიშვილი

რთველის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. 2024 წლის რთველის პერიოდში, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის, ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. შესყიდვების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სუბსიდირება ხელის შემშლელი ფაქტორია.
„სუბსიდირება ხელს ბევრ რამეს უშლის. რთველის და ზოგადად სუბსიდირება კლავს კონკურენციას. იმ სახით, რომლითაც ის დღეს ხდება, კლავს კონკურენციას და ძალიან ნეგატიურად აისახება ღვინის ხარისხზე.
კარგია რომ ჭარბი ყურძენი არ რჩება, მაგრამ ჭარბი ყურძნის შესყიდვა მაღალი ფასით, ფაქტობრივად, საბაზრო ფასით და თანხის დამატება იმ შემთხვევაში, რაღაცა რაოდენობის მეტს გადაამუშავებს კომპანია, ნიშნავს, რომ ვუიაფებთ ღვინოს მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, მაშინ, როდესაც აქცენტი უნდა კეთდებოდეს უფრო ხარისხიანი ღვინის მწარმოებლებზე, საშუალო და მცირე საწარმოებზე, რომლებსაც თვითღირებულება უფრო მაღალი აქვთ. მათ კონკურენციის არასამართლიან პირობებში ვტოვებთ მსხვილ კომპანიებთან“, – ამბობს გიორგი სამანიშვილი.
ღვინის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს იმასაც, რომ კარგი იქნება თუ სუბსიდირების ნაცვლად ამ თანხის ნაწილი მაინც ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოხმარდება.
„საუკეთესო იქნება უბრალოდ ავიღოთ და შევეშვათ რთველის სუბსიდირებას და ამ თანხის ნახევარი მაინც ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოვახმაროთ. უაზრო სუბსიდირება წლების წინ დაიწყო და ინერციით მიყვებიან. სამწუხაროდ, არ არის არავინ, ვინც შეიძლება იფიქროს, იმსჯელოს და იმუშაოს, თუ როგორ გავაკეთოთ ეს უკეთესად.
სუბსიდირების ნაცვლად, უმჯობესია თანხა მარკეტინგულ აქტივობებს მოხმარდეს, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ქართულ ღვინოს გააცნობს“, – ამბობს გიორგი სამანიშვილი.
სახელმწიფომ რთველის სუბსიდირება ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო. 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ს ფედერაცია იყო, ემბარგო ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანდა და დახმარება აუცილებელი იყო. საერთო ჯამში, 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაში 655 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ