საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყო აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ და ტელეარხი Al Arabiya იუწყებიან.
მოლაპარაკება სასტუმრო Ritz Carlton-ში მიმდინარეობს.
„ტასის“ ცნობით, რუსეთის დელეგაციაში არიან ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა, ხოლო აშშ-ს წარმოადგენენ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის და რუსეთის საკითხებში კით კელოგი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი.
ერთი დღით ადრე, 23 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქში გაიმართა აშშ-უკრაინის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ კიევის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო და განიხილეს საკვანძო საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.
აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნების პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში 18 თებერვალს გაიმართა.
თითქმის ერთი თვის შემდეგ, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. ამ შეხვედრის შედეგად კიევი დაეთანხმა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ წინადადებაზე თანხმობა არ უთქვამს.
უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
