საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში 70 წლის მანძილზე პირველი ალკოჰოლური მაღაზია გაიხსნება. საუდის არაბეთის წარმომადგენლების ცნობით, მაღაზია არამუსლიმ უცხოელებს მოემსახურება, მაგალითად რიადში მცხოვრებ დიპლომატებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ალკოჰოლის შესაძენად დიპლომატებს რეგისტრაცია და მთავრობისგან ნებართვის მიღება მოუწევთ.
მაღაზია რიადის დიპლომატიურ უბანში გაიხსნება. ამას გარდა, საუდის არაბეთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაღაზიის გახსნა ალკოჰოლით არალეგალურ ვაჭრობას შეუშლის ხელს.
საუდის არაბეთში ალკოჰოლის გაყიდვა 1952 წლიდან არის აკრძალული, მას შემდეგ, რაც მეფე აბდულ აზიზის მთვრალმა შვილებმა ბრიტანელი დიპლომატი მოკლეს.