თორმეტ საათს გაგრძელდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. შეხვედრა 24 მარტს გაიმართა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz Carlton-ში.
სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პროგრესი მიღწეულია და უახლოეს ხანში მოსალოდნელია დადებითი განცხადება. სააგენტოს რუსული წყაროს თანახმად, ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონში გაიგზავნა და სამშაბათს, 25 მარტს უნდა გამოქვეყნდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ „ამ კონტაქტების ზოგიერთ ასპექტზე“ მინისტრი სერგეი ლავროვი 25 მარტს ილაპარაკებს რუსეთის „პირველ არხთან“ ინტერვიუში.
საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ ამერიკული მხარე აცხადებდა, რომ მთავარი მიზანი იყო შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და გემების უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა მარცვლეულით და საწვავით ვაჭრობის ნორმალიზაციის მიზნით.
რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 23 მარტს, საუდის არაბეთის დედაქალაქში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება. მისი დასრულების შემდეგ კიევის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო და განიხილეს საკვანძო საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.
უკრაინის დელეგაცია ისევ საუდის არაბეთშია და დღეს, 25 მარტს აშშ-ის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი კონსულტაცია იგეგმება.
აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნების პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში 18 თებერვალს გაიმართა.
თითქმის ერთი თვის შემდეგ, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. ამ შეხვედრის შედეგად კიევი დაეთანხმა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ლიდერების შეთანხმებით, მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით.
ფორუმი
