საუდის არაბეთში დასრულდა რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, რუსულ მედიას აცნობა.
უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და მხარეებს შორის სერიოზული დისკუსია გაიმართა. მისი განცხადებით, განხილული იყო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, რაშიც ორივე ქვეყანა დაინტერესებულია.
თუმცა, როგორც უშაკოვმა აღნიშნა, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პოზიციები მნიშვნელოვნად დაახლოვდა, თუმცა ერ-რიადში ამ თემაზეც იმსჯელეს.
„შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
რაც შეეხება მომავალ კვირაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას, უშაკოვის თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კონკრეტული თარიღები ჯერ კიდევ არ განხილულა და საჭიროა დამატებითი სამუშაო პროცესები.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის სპეციალური ჯგუფები უკრაინის საკითხზე კონტაქტს დროულად დაიწყებენ. რუსული მხარის წარმომადგენლობას ამ მოლაპარაკებებში პუტინი განსაზღვრავს, ხოლო ამერიკულ მხარეს ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა იყო.
რუსულ დელეგაციას სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტოფი.
