საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდი PIF „ატლეტიკო მადრიდის“ შეძენას აპირებს
საუდის არაბეთის ევროპულ ფეხბურთში შემოსვლა 2008 წელს “მანჩესტერ სიტის” შეძენით დაიწყო, “ნიუკასლ იუნაიტედით” გაგრძელდა და ახლა ინტერესი იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ, არაბები “ატლეტიკო მადრიდის” შეძენასაც აპირებენ.
“ატლეტიკოს” მფლობელი მიგელ ანხელ მარინი უშუალო კომუნიკაციაშია აღმოსავლელ ინვესტორებთან და ამ ეტაპზე მხოლოდ სტადიონის სახელწოდების “ვანდა მეტროპოლიტანოს” ცვლილებაზე მიმდინარეობს გასაუბრება, მაგრამ საბოლოო ინტერესი მაინც მთლიანად ორგანიზაციის შეძენას უკავშირდება.
მარინი ამჟამად 66%-ს ფლობს, ხოლო გუნდის ღირებულება 750 მილიონი ევროა. მადრიდელებს არაბებთან კავშირი თავიანთი სპონსორის ავიაკომპანია Riyad Air-ის საშუალებით აქვს, რომელიც მაისურზე დატანის სანაცვლოდ ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს იხდის. სწორედ ეს კომპანიაა დაინტერესებული სტადიონის სახელწოდების ცვლილებითაც, რისთვისაც დამატებით ათეულობით მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდი PIF-ი არაბულ კლუბებს აფინანსებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექმნებათ ისეთი ფეხბურთელების შეძენის, როგორებიც ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე და სხვები არიან.