ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Lineate-ის ვიცეპრეზიდენტის, გიორგი ციკოლიას თქმით, საქართველოს რეგიონისადმი საუდის არაბეთიდან დიდი ინტერესია. როგორც მან Bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ინტერესი ჩვენი რეგიონისადმი განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებითაა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს, Lineate-ის გეგმებში ეს ინტერესიც გათვალისწინებული იქნება.
„Lineate-ისთვის ჩვენი რეგიონიც საინტერესოა, შესაბამისად, საქართველოსა და სომხეთის ოფისები ამ მიმართულებით აქტიურობენ. ასევე, საინტერესოა სპარსეთის ყურის რეგიონი – კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამიტომაც ამ მიმართულებით ვაქტიურდებით“, – განაცხადა გიორგი ციკოლიამ.
ცნობისთვის, Lineate-მა, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დააარსა. მას მოჰყვა სომხეთი და ევროპაში – პოლონეთიც.
“აშშ-ის მიღმა სამ ქვეყანაში ვართ, სადაც ჯერ კიდევ პოტენციალი ბოლომდე არ გვაქვს ათვისებული – საქართველო, სომხეთი, პოლონეთი. თუმცა სხვა ბაზრებზეც გვყავს პარტნიორები. სომხეთი და საქართველოს ოფისები ერთმანეთს კარგად ავსებენ იმ კუთხით, რომ ამ ქვეყნებში ოდნავ განსხვავებული ვითარებაა ადგილობრივი კადრების და მათი უნარების თვალსაზრისით. პოლონეთის ოფისით კი ევროპის ბაზარზე გავდივართ. ჩვენთვის ევროპის ბაზარი არასდროს არ ყოფილა მთავარი, იმდენად დიდია აშშ-ის ბაზარი, ამიტომ წლების განმავლობაში მხოლოდ ამერიკის ბაზარზე ვიყავით ფოკუსირებული“, – აღნიშნა მან.
2024 წელს Lineate-მა საქართველოსა და სომხეთის ოფისებში დაახლოებით 12 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. გიორგი ციკოლია გასული წლის შედეგებით კმაყოფილია. მისი თქმით, კომპანიამ მოახერხა რეგიონში ზრდა და განვითარება, განსაკუთრებით კი სომხეთის ოფისმა, რომელიც შედარებით ახალია.
„შარშანდელი წელი საკმაოდ საინტერესო წელი იყო ჩვენთვის. პირველ რიგში, უფრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ვინაიდან იმ პროექტებში, რომლებშიც ჩავერთეთ, ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების მხრიდან უფრო მეტი ინტერესი დავინახეთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით. ეს ჩვენი საქმის ნაწილია, ბევრი პროექტი გვქონდა ამ კუთხით, თუმცა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ჩვენც კიდევ უფრო მეტ რესურსს ვდებთ, რომ მუდმივად ახალი გადაწყვეტები შევთავაზოთ ბაზარს“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, ციკოლია Bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2025 წელი იქნება საქართველოს Lineate-ის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების მესამე და ბოლო წელი.
„აშშ-ის შემდგომ Lineate-ის მთავარ ცენტრად საქართველო ჩამოყალიბდება“, – ამბობს ის.
რაც შეეხება მიმდინარე წელს დაგეგმილ ინვესტიციებს, ციკოლია აღნიშნავს, რომ ზოგადად, ყოველწლიური კაპიტალი, რასაც ამერიკული კომპანია საქართველოში დებს 8-12 მლნ აშშ დოლარია და 2025 წელიც არ იქნება გამონაკლისი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა.
„იმედია ქვეყანაში არსებული სიტუაცია დასტაბილურდება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ჩავერთვებით აშშ-სთან პარტნიორულ ურთიერთობებში და გეგმების გადახედვა არ მოგვიწევს. ჯერჯერობით ვაგრძელებთ საქმიანობას“, – დასძინა მან.