“7 წლის წინ დადგენილი საფასურით დღევანდელ დღეს ოპერირება ბიზნესს ძალიან უჭირს” – ტექდათვალიერების სექტორში არსებულ გამოწვევებზე BMG-სთან ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი საუბრობს.
გიორგი შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მთავრობასა და სექტორს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა ასოციაციას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ტექდათვალიერებაზე ფასების ზრდა ინსპექტორებისთვის ანაზღაურების გასაზრდელად არის საჭირო, რადგან სექტორში კვალიფიციური კადრების გადინების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
“საფასურის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია კომპანიებისთვის. კარგად მოგეხსენებათ, 7 წლის წინ დადგენილი საფასურით, დღეს, ოპერირება ბიზნესს ძალიან უჭირს. მაშინ განსხვავებული მოცემულობა იყო შრომის ბაზარზე, ხელფასები აკმაყოფილებდათ ინსპექტორებს, დღეს უკვე თანახმანი აღარ არიან, იგივე ანაზღაურებაზე რომ იმუშაონ და გადინების პროცენტი ძალიან მაღალია: შარშან წინ იყო 57%, შარშან 51% – ეს კატასტროფული მაჩვენებელია სექტორისთვის.
სექტორმა დააყენა მოთხოვნა, რომ გადახედილიყო საფასური; საუბარია თანხის 50%-ით მომატებაზე, 90 ლარი რომ გახდეს პირველადი ტექდათვალიერება. იყო გარკვეული კომუნიკაცია მთავრობასთან, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სექტორისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა”, – ამბობს შიოლაშვილი.
მისივე თქმით, პირველად ტექდათვალიერებაზე ფასების გაზრდა საჭიროა ტექინსპექტირების ცენტრების ტექნიკური ბაზის გასაახლებლადაც: “მოწყობილობები, რაც 7 წლის წინ დამონტაჟდა, მაღალი ხარისხისაა, მაგრამ ჩანაცვლებასა და განახლებას საჭიროებს, რაც დიდ ინვესტიციას მოითხოვს”.
კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც შიოლაშვილმა BMG-სთან ისაუბრა, რეფორმის ადმინისტრირების გამოწვევაა. მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ტექდათვალიერების ქვეშ სრული ავტოპარკი მოექცეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ტექინსპექტირების რეფორმა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად, ყველა ადამიანს ეხება ის და დავინახეთ, რომ გარკვეული საკითხები საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დახვეწას, განსაკუთრებით ის, რომ ადმინისტრირების კუთხით არის პრობლემები და არ არის საშუალება, რომ ავტოპარკი სრულად იყოს მოცული. ვიცით, რომ 1.6 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული და მათგან 960 ათასი გადის ტექდათვალიერებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდი წილი გადაადგილდება ტექინსპექტირების გარეშე. ამ მიმართულებით ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ უფრო გამართულად მოხდეს რეფორმის ადმინისტრირება”, – ამბობს გიორგი შიოლაშვილი.
BMG-სთან საუბარში ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოწვევები იმდენად კრიტიკულია, ბიზნესს გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება უჭირს. მისი თქმით, მოლოდინის რეჟიმში არიან მთავრობის მხრიდან როგორც საფასურის, ასევე სექტორის სამომავლო ხედვების შესახებ უკუკავშირის მისაღებად.
